Google-ის განცხადებით, ძიების სერვისს გენერაციული AI-ს (ხელოვნური ინტელექტი) განახლებული ფუნქციები ემატება. ინიციატივის მიზანია, მომხმარებლებს ინტერნეტიდან ინფორმაციის მიღება და მასში გამორკვევა გაუმარტივდეთ.
Chrome-ის Google Search აპლიკაციაში სტატიის შეჯამების ფუნქცია ამჟამად ბეტა რეჟიმშია ხელმისაწვდომი, ანუ მისით ყველა ვერ ისარგებლებს. Chrome-ს შეუძლია, ვებგვერდიდან ძირითადი აქცენტები ("key points") ამოგვიკრიფოს; არის "Explore on page" სექციაც, რომელიც შიგთავსიდან აღებულ კითხვებსა და პასუხებს მოიცავს.
Google-ის ცნობით, ახალი "SGE while browsing" ფუნქციის მიზანია, ადამიანებს მოცულობით შიგთავსში უკეთ ჩართვა გაუმარტივდეთ. იგი მხოლოდ უფასო სტატიების ძირითად აქცენტებს აჩვენებს და იმ შიგთავსს არ შეაჯამებს, რომლის წასაკითხადაც თანხის გადახდაა საჭირო.
Chrome-ის ახალი AI ფუნქცია ამჟამად მხოლოდ iOS და Android მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი. კომპანია მას დესკტოპის ვერსიაზე მომდევნო დღეებში დაამატებს.
ახლო მომავალში Google ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პასუხების გაუმჯობესებასაც აპირებს. ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, კურსორის მეშვეობით სიტყვების მნიშვნელობებს გაეცნონ და თემასთან დაკავშირებული დიაგრამები ან გამოსახულებები იხილონ.