ბოლო თვეებში გენერაციული AI-ს (ხელოვნური ინტელექტი) ბაზაზე შექმნილი ხელსაწყოები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. პარალელურად მატულობს შფოთვაც იმის თაობაზე, რომ, შესაძლოა, ერთ დღესაც მან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაანაცვლოს. ამჯერად საქმე ე.წ. ქოუჩებზე მიდგა.
ასევე იხილეთ: ინდურ სტარტაპში კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტთა 90% დაითხოვეს და ჩატბოტით ჩაანაცვლეს
New York Times-ის უწყების თანახმად, Google-ის DeepMind განყოფილების შიგნით გენერაციული AI-ს შესაძლებლობებს ცდიან. საქმე მინიმუმ 21 ტიპის დავალების შესრულებას ეხება, მათ შორის მომხმარებლებისთვის დელიკატური ცხოვრებისეული რჩევების მიცემას.
მაგალითის სახით რაიმე მითითებაზე გაცემული პასუხი არ გვიხილავს, თუმცა Google დაახლოებით ამ ტიპის ხელსაწყოს ტესტავს: თუკი მეგობრის ქორწილი შორს იმართება და სამგზავრო ხარჯებს ვერ ფარავთ, შეგიძლიათ, რჩევისათვის ჩატბოტს მიმართოთ.
Times-ის უწყებას თუ დავუჯერებთ, იქნება ხელსაწყოებიც, რომლებიც მომხმარებლებს ახალი უნარების შეძენაში დაეხმარება, ფინანსების მართვას თუ რაციონის შედგენას გაუადვილებს.
ხელოვნურ ინტელექტს კომპანია ამჟამად რადიკალურად განსხვავდებულად უდგება — Google Bard ჩატბოტს მსგავსი რჩევების გაცემა აკრძალული აქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ Google-ის ექსპერტებმა კომპანიის აღმასრულებლები ამ კუთხით ჯერ კიდევ დეკემბერში გააფრთხილეს. საუბარი იმ რისკებს ეხებოდა, რომლებიც, შესაძლოა, ჩატბოტებზე ადამიანების ემოციურ დამოკიდებულებას მოჰყვეს.
თავისთავად, სრულებით შესაძლებელია, Google-მა აღნიშნული AI ხელსაწყოები საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არც არასდროს გახადოს — კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ ტესტავს მათ.