რა არის SEO



საძიებო სისტემები ყოველდღე, გლობალურად, მილიარდობით საძიებო მოთხოვნას ამუშავებენ, საიდანაც ძიების 90%-მდე Google-ზე მოდის.

ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში დამთვალიერებლების რაოდენობით №1 ვებგვერდს სწორედ  Google წარმოადგენს.

კომპანია Alexa.com – ის მონაცემებში, რომელიც მსოფლიო ვებგვერდების ნახვების სტატისტიკას აწარმოებს, ვკითხულობთ, რომ Google.com საქართველოში №1 ვებგვერდია, Google.ge კი – მე-9 ადგილზეა. ეს აჩვენებს, რომ, ზოგადად, Google ჩვენს ქვეყანაში მყარად იკავებს პირველ, დომინანტ ადგილს და დანარჩენი ვებგვერდები თუ საძიებო სისტემები, იქნება ეს Bing, Yandex, DackDuckgo თუ სხვა, კონკურენციას ვერ უწევენ.

ასეთი მონაცემების გათვალისწინებით, დამეთანხმებით, რომ №1 ვებგვერდის არგამოყენება ან არასწორად გამოყენება, ლოგიკურად, პირდაპირ აისახება როგორც ჩვენს შემოსავლებზე, ასევე იმიჯზე.

გლობალურად ინტერნეტში ჩართული მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება საძიებო სისტემების მომხმარებლების რაოდენობაც. ანალოგიური ტენდენციაა საქართველოშიც. ბიზნესებს მიეცათ საშუალება, სამიზნე აუდიტორიას  სწრაფად მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება და მიიღონ მყისიერი უკუკავშირი, გააკეთონ ორგანული SWOT ანალიზი, მხოლოდ და მხოლოდ საძიებო სისტემაში სწორად ფუნქციონირების  გზით. და თუ ბიზნესი ამ შესაძლებლობებს არ იყენებს, ეს გაუმართლებელი დანაკარგია.

Facebook-საგან განსხვავებით, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია საქართველოში, Google-დან უფასო, ორგანული ვიზიტორების მოზიდვა გაცილებით მარტივია; გარდა ამისა, საძიებო სისტემიდან გადმოსული ვიზიტორი უფრო ხარისხიან და კონვერტირებად მომხმარებლად მიიჩნევა.

ამას მარტივი მიზეზი აქვს: საქმე ის არის, რომ Google-ის ან ნებისმიერი სხვა საძიებო სისტემის გამოყენებით ჩვენ თავად ვეძებთ იმ ინფორმაციას, რომელიც კონკრეტულ მომენტში გვაინტერესებს. ძიების შედეგს კი საკუთარ აღმოჩენად/მიგნებად აღვიქვამთ და თავიდანვე გაცილებით მეტი ნდობით ვეკიდებით, ვიდრე, მაგალითად, Facebook news feed-ში შემთხვევით შეხვედრილ პოსტის, რომელიც იმ წუთას შეიძლება, საერთოდ არ იყოს ჩვენთვის რელევანტური.

რა თქმა უნდა, Facebook და სხვა პოპულარული ვებგვერდები ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და აუცილებლად გამოსაყენებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტს საძიებო სისტემების უპირატესობებსა და მათი არგამოყენებით გამოწვეულ დანაკარგებზე ვაკეთებთ.


რა არის SEO და რას გულისხმობს საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია?

SEO ზოგადი ცნებაა, რომელიც გულისხმობს თქვენი ვებგვერდის ოპტიმიზაციას რელევანტურ საძიებო სიტყვებსა თუ ფრაზებზე საძიებო სისტემებში მაღალ პოზიციაზე გამოსაჩენად.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს ვებგვერდის ოპტიმიზაციას იმ მიზნით, რომ საძიებო სისტემებიდან ვიზიტორები უფასოდ მიიღოთ.

ვინაიდან გლობალურად  Google №1 საძიებო სისტემაა, ძირითადი ფოკუსი Google – ს SEO-ზე გვექნება.

Google-ს ძიების რეზულტატები 2 ნაწილად – ფასიანი და უფასო ძიების შედეგებად იყოფა. ალბათ, შეგიმჩნევიათ, როდესაც რამეს „გუგლავთ“, ხშირად გვერდის სულ ზედა ნაწილში პირველ რამდენიმე პოზიციაზე  „Ad“ აღნიშვნით გამოაქვს რამდენიმე შედეგი – ეს არის ფასიანი რეკლამა. „Ad“-ების შემდეგ კი მოდის 10 ორგანული შედეგი, რომლებსაც Google თქვენთვის ყველაზე რელევანტურად მიიჩნევს. თქვენი ლოკაციისა და ძიების ისტორიის მიხედვით გვიჩვენებს რეკლამას. გვერდის ბოლოში, ასევე „Ad“ აღნიშვნით, კვლავ გამოყოფილია ფასიანი შედეგები.

ვებგვერდის პოზიცია Google-ში პირდაპირ კავშირშია ვიზიტორების რაოდენობასთან

ვებგვერდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორგანულად მიღებული ვიზიტორები, ვინაიდან ტრაფიკის 60%-ზე მეტი სწორედ მასზე მოდის.

2020 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, Google-ში გამოტანილ №1 ორგანულ შედეგზე, პირველ ვებგვერდზე, საშუალოდ, ვიზიტორების საერთო რაოდენობის 28.5%  გადადის,  №2 შედეგზე 15.7% აჭერს, ხოლო №3  ვებგვერდით მომხმარებელთა 11% ინტერესდება. გუგლის საძიებო სისტემაში გამოტანილი №1 ორგანული შედეგი 10-ჯერ მეტ ვიზიტორს იღებს, ვიდრე №10; ხოლო მე-2 გვერდზე გამოტანილ ორგანულ შედეგებს SERP-იდან ვიზიტორების 1%-ზე ნაკლები ჰყავთ.

ლოკალური SEO-ს აუცილებლობა თქვენი ბიზნესისთვის

როდესაც Google-ში ისეთ ბიზნესს ან ბიზნესის კატეგორიას ვეძებთ, რომელსაც კონკრეტული მისამართი აქვს, მაგალითად: რესტორანი, მაღაზია, ოფისი და ა.შ., საძიებო შედეგების გვერდის ზედა ნაწილში ხშირად გვხვდება რუკაზე დატანილი ლოკაციები. Google Map-დან ლოკაციები განსაკუთრებულად ხშირად ჩანს მობილური ტელეფონიდან ძიებისას. ამ დროს Google ითვალისწინებს ჩვენს ამჟამინდელ ლოკაციას და გვაჩვენებს შესაბამის SEO ოპტიმიზირებულ ბიზნესებს. თვითონ Google Map-ის მოხმარებაც დღითიდღე იზრდება და შესაბამისად, იზრდება პოტენციური ვიზიტორების რაოდენობაც. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ბიზნესისთვის გამართული ლოკალური SEO წარმატების ერთ-ერთი საწინდარია.


ფოტოების SEO ოპტიმიზაციით მიღებული სარგებელი

Google-ის ფოტო-ძიების ფუნქცია პოპულარულია როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად. თქვენს ვებგვერდზე არსებული ფოტოების ოპტიმიზირებით შესაძლებელია Google Image ძიებიდან დამატებით ვიზიტორების მიღება. ჩვენი დაკვირვებით, საქართველოში კომპანიების 99.9%-ს ვებგვერდზე არაოპტიმიზირებული ფოტოები აქვთ განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციურ ვიზიტორებს ყოველდღიურად კარგავენ.

რას ვგულისხმობთ ოპტიმიზირებულ ფოტოში?

  1. ფოტოს ზომა და რეზოლუცია
  2. სწორად შერჩეული ფორმატი: Webp, jpg, png თუ svg?
  3. ფოტოს Alt Text და Title ტეგი
  4. ფოტოს კონტენტთან რელევანტურობა
  5. ფოტოს უნიკალურობა

YouTube ვიდეობის ოპტიმიზაცია მეტი ვიზიტორის მისაღებად

YouTube ვიზიტორების რაოდენობით, საქართველოში №2 ვებგვერდია და დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. YouTube-ის ვიდეოები, ასევე, Google-ის საძიებო სისტემაშიც გვხვდება.


YouTube საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია იგივე YouTube SEO, ასევე მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის.



სტატიის ავტორი: გიორგი ძაგანიშვილი

უპასუხეთ