სან-ფრანცისკოში ახალი სერვისი ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები თვითმართვადი შატლით იმგზავრებენ განძის კუნძულზე. ეს უკანასკნელი ყურეს შუაში მდებარე ყოფილი სამხედრო-საზღვაო ბაზაა.
უფასო ტრანსპორტი ყოველდღე გადაადგილდება განსაზღვრული გრაფიკით. იგი საპილოტე პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად იმის გარკვევას ისახავს, თუ როგორ შეიძლება გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტონომიურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა.
შატლი კომპანია Beep-ს ეკუთვნის, რომელსაც აშშ-ში არაერთი მსგავსი პროექტი განუხორციელებია. ავტოსატრანსპორტო საშუალება ელექტრონულია; მას არც მძღოლის სავარძელი აქვს და არც საჭე. შატლში ათამდე მგზავრი ეტევა, პროცესს კი დამსწრე აკონტროლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს.
ტრანსპორტი ნელა და ფრთხილად გადაადგილდება; მარშრუტის მანძილზე სულ 7-ჯერ ჩერდება და მგზავრები საცხოვრებელი ზონებიდან მაღაზიებამდე თუ საზოგადოებრივ ცენტრებამდე გადაჰყავს.
ქალაქში იმედოვნებენ, რომ შატლი განძის კუნძულის 2 ათას მცხოვრებს მოხერხებული და ეკომეგობრული სერვისით უზრუნველყოფს. აქ გადასაადგილებლად უმეტესად ავტობუსებსა და ბორნებს იყენებენ.
Beep-ის მანქანის მეშვეობით ქალაქი მონაცემებსა და უკუკავშირს შეაგროვებს, რათა ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების პერფორმანსი და უსაფრთხოება შეფასდეს.
სან-ფრანცისკო ერთადერთი ქალაქი სულაც არაა, სადაც თვითმართვად მანქანებს ტესტავენ საზოგადოებრივ ტრანსპორტად. მეორე მხრივ, აზრები ორად იყოფა იმის თაობაზე, თუ რამდენად მზადაა ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებები ქუჩაში გასაშვებად.
გასულ კვირას კალიფორნიის საზოგადოებრივი დაწესებულებების კომისიამ სან-ფრანცისკოში რობოტული ტაქსის ორი სერვისი დაუშვა: Cruise და Waymo. ამან მოძრაობისა და უსაფრთხოების კუთხით ხალხში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც სან-ფრანცისკოში სერვისის გაფართოების შეჩერება მოითხოვეს. ამას გარდა, მალევე Cruise -ის რობოტული ტაქსი სახანძრო მანქანას შეეჯახა და მგზავრი დააზიანა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თვითმართვადი ავტობუსები მსგავს პრობლემებს ნაკლებად გამოიწვევს, რადგან მათ მძღოლები და დამსწრეები ეყოლება. აღნიშნავენ იმასაც, რომ ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემებს ასე მარტივად ვერ მოაგვარებს.
ავტობუსებში ავტონომიური ტექნოლოგიის გამოყენებით უსაფრთხოება და ეფექტიანობა შეიძლება გაიზარდოს. მეორე მხრივ, შესაძლოა, მუშაობასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა მოიმატოს და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა შემცირდეს.