არჩეულია 2023 წლის ფერი

არჩეულია 2023 წლის ფერი



ფერის ინსტიტუტმა Pantone-მ 2023 წლის მთავარი ფერი დაასახელა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, ეს ელფერი 18-1750 გახდა, სახელწოდებით Viva Magenta.

 

ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, ეს ელფერი, რომელიც წითელსა და ჟოლოსფერს შორისაა, ბუნებასა და ენერგიას უკავშირდება და ყველაზე მეტად შემოქმედებასა და ხელოვნებასთან იწვევს ასოციაციას. Pantone-მა მომავალი წლის მთავარ ფერს ვებგვერდიც მიუძღვნა, სახელწოდებით Magentaverse.

„Viva Magenta აღადგენს ჩვენს კავშირს თავდაპირველ მატერიასთან. ბუნების ძალების მეშვეობით ეს კაშკაშა ფერი მუხტავს ჩვენს სულს და შინაგანი ძალის გამაგრებაში გვეხმარება", – განაცხადა ფერის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეატრის ეისმანმა.

 

Pantone-ი წლის ფერს 2000 წლიდან ასახელებს, ეს არც თუ ისე მარტივი ამოცანაა. ინსტიტუტის სპეციალისტები ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ატარებენ კვლევას, რომელიც თითქმის 9 თვის განმავლობაში გრძელდება: ანალიტიკოსები აკვირდებიან მოდის ჩვენებებს, გამოფენებს, ახალ ფილმებს. სწორედ ამ დაკვირვებებზე დაფუძნებით ირჩევენ მთავარ ფერს.

 

ინსტიტუტში განმარტავენ, რომ წლის მთავარი ფერი ეს „ფერადი ფოტოა იმისა, რასაც გლობალურ კულტურაში ვხედავთ და საერთო განწყობას გადმოსცემს". მათივე თქმით, ეს პროცესი არის მცდელობა გადათარგმნონ ფერის ენაზე ის, რაც მსოფლიოში ხდება.

უპასუხეთ